ლექსები - ლურჯ-თვალას
ლურჯ-თვალებმა ნაპერწკალი
გულში მჰკრეს და დამიმონეს!..
განმიახლეს ძველი ალი,
ამაჟრჟოლეს, დამაღონეს!!.
მოვიგონე ძველი ქნარი,
სიმთა იწყეს ტკბილად ჟღერა;
გრძნობა, გულში ნაგუბარი,
ტოკავს და გულს მით აქვს ძგერა!..
ჩალად მიჩნს აწ შავი ბედი,
თვალთ შემაშრა მდუღარება!..
გინდ ვიწვოდე, ვით აბედი...
მალხენს ტკბილი მდუმარება!..
შავ-ფიქრების უკუმყრელად,
სახე მისი ჩემთვის მზეობს!
გული, ქმნილი მისგან ხელად,
ჭირთა მძლეობს, ამაყ-მხნეობს!!
წრფელ ჰაზრების შეურყევლად,
სიყვარულის იმ წმინდას მსხვერპლს
თაყვანს ვსცემ და საკურთხევლად
აღვიარებ მე მისს სახელს!!.
ის სახელი მადლიანი,
წმინდა, ტკბილი, ვით მანანა,
სამ-ჰაზრი, სამ-მარცვლიანი
მიყვარს, თუ მანც არ მანანა!!
1870